„ლელომ” პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ადასტურებს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა უკრაინის სახელმწიფოზე.
„პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს, რომლებიც აშკარად შეიცავენ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა, ასევე საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულთა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ნიშნებს.
მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით.
მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, პლატფორმები და მექანიზმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებისა და მეთაურების, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, უკრაინის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისა და ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს, მჭიდრო თანამშრომლობის გაწევას უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება.
აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიებასა და გაეროს ადამიანების უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევაში, უკრაინის პოზიციების დასაცავად საჭირო მასალის შეგროვებაში, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე ევროკავშირთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გზით. მხარი დაუჭიროს ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის შესაბამისი წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.
აღმასრულებელ ხელისუფლებას ასევე ავალებს, მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას”, – ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში.