სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ლაშა ტუღუში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.
“ლაშა ტუღუშს მედიის სფეროში მუშაობის 27-წლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო რამდენიმე მედიასაშუალების მთავარი რედაქტორი, ეწევა აკადემიურ საქმიანობას, ჩართულია სამოქალაქო აქტივობებში და ხანგრძლივი კარიერის მანძილზე გამოირჩევა პრინციპული პოზიციების დაკავებით. ლაშა ტუღუში 2014 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს „საქართველოს ეროვნული პლატფორმა – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმის“ მუშაობაში, ჯერ როგორც თავმჯდომარის, შემდეგ ეროვნული კოორდინატორის და 2019 წლიდან ისევ თავმჯდომარის რანგში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ გამორჩეულ ვალდებულებას მიეკუთვნება ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. დღეს, როდესაც საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე და დაწყებულია შეფასების პროცედურა, განსაკუთრებით ღირებულად მიმაჩნია სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება ისეთი წევრებით, რომლებსაც ამ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატებს შორს არაერთი ღირსეული კანდიდატი მოხვდა და გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად რთული იყო. მათგან კიდევ ორი კანდიდატი უნდა წარედგინოს დღეს საქართველოს პარლამენტს. იმედი მაქვს წარმდგენი სუბიექტები პრინციპულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ღირსეულ კანდიდატებს სამეურვეო საბჭოს მიღმა არ დატოვებენ. აქვე, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ლაშა ტუღუშის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის პოზიციაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.