საქართველოს მთავრობა ევროკომისიის კითხვარის პირველ ნაწილს ასაჯაროვებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადაეცა.
მოცემული კითხვარის მიზანია შეამოწმოს კანდიდატი ქვეყნის ინსტიტუტების ფუნქციონირება და მისი თავსებადობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამისთვის იგი რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობს:
რამდენად არის კანდიდატი ქვეყანა დემოკრატიისა და ინსტიტუციების სტაბილურობის გარანტი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით?
რამდენად აქვს ქვეყანას ფუნქციონირებადი საბაზისო ეკონომიკა და ევროკავშირის შიგნით ბაზრებთან კონკურენციაში ჩართვის უნარი?
შეძლებს თუ არა ქვეყანა, აიღოს წევრობის ვალდებულება, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მიზნების დაცვის მხრივ?
გავრცელებული კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს. ყურადღება გამახვილებულია ისეთ პრინციპებზე, როგორებიცაა ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება და დისციპლინა, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს არსებობა, სახელმწიფოს გავლენა კერძო სექტორზე და ა.შ.
საქართველო უახლოეს მომავალში კითხვარის მეორე ნაწილს მიიღებს, რომელიც დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ქვეყნის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას შეამოწმებს.