ახალმა ზელანდიამ რუსეთის 20-მდე ფინანსურ სუბიექტს ახალი სანქციები დაუწესა, მათ შორის ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ვითიბი ბანკს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნანაია მაჰუტა ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად სანქციები დაუწესდა 18 ფინანსურ ორგანიზაციას, რომლებიც არსებული ინფორმაციით, აფინანსებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ახალი ზელანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს 18 ორგანიზაცია ქმნის რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს.
„სანქციები შექმნილია იმგვარად, რომ ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი. ახალი სანქციების ამ რაუნდით ახალი ზელანდია უერთდება მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებს, რომლებმაც მძიმე სადამსჯელო ზომები მიიღეს პრეზიდენტ პუტინისა და იმ სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც მის არალეგალურ შეჭრას აფინანსებენ“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
18 სანქცირებულ ორგანიზაციას შორისაა ალფა-ბანკი, ბანკი როსია, ბანკი ოტკრიტიე, განვითარებისა და რეკონსტრუქციის შავი ზღვის ბანკი, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, გაზპრომბანკი, გენბანკი, ნოვიკომბანკი, ვითიბი ბანკი.