შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი სანქციებისგან თავის არიდებაზე საუბრობენ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.
პაპუაშვილის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის საქართველოს ომში ჩათრევას ისახავს მიზნად.
„მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეულ იქნას ომში. ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ გუშინ ვიზუალურად ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. რაღაც ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, მერე როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, შემდეგ როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის – „სირცხვილიას“ მიერ ამის უკვე ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. მთელი კონვეიერია. ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის სასკოლო მაგალითი, სასწავლო მაგალითი როგორ მზადდება და როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ ხდება ფალსიფიკაცია, ამბის აგორება და წარმოჩენა ისე თითქოს, სკანდალებთან გვაქვს საქმე. საბოლოოდ ჩვენ მივუახლოვდით იმ მიზანს, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში. ეს არის გაცხადებული მიზანი, რომ არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ პროექტებს ახორციელებენ, სამწუხაროდ, დღეს ჩუმად არიან.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.