სომხეთში, რამდენიმე დღეა პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია “სამოქალაქო დაუმორჩილებლობის” აქციებს მართავს. 4 მაისს, ერევანში პოლიციასა და დემონსტრანტების შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ დემირჭიანის ქუჩის ბარიკადებისგან გაწმენდის შემდეგ ჯერ მერიის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გაემართნენ.
დემონსტრანტების კიდევ ერთი ჯგუფი შეკრებილია ბაგრამიანის გამზირზე. მათ აღმართული აქვთ მთიანი ყარაბაღის დროშები და მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას, რომელიც, ოპოზიციური გაერთიანება “წინააღმდეგობის” ლიდერთა განცხადებით, არ ასრულებს თავის დაპირებას მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით.
მათი თქმით, უკანასკნელი არჩევნების დროს ფაშინიანის აცხადებდა, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის სტატუსი მისთვის პრიორიტეტულია, მაგრამ ამჯერად კი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით “თამასის დაწევაზე” ალაპარაკდა. “წინააღმდეგობის” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იშხან საგატელიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანმა რაც შეიძლება ჩქარა უნდა დატოვოს თანამდებობა.
მანამდე სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს სომხეთის ეროვნული კრება და სკანდირებდნენ “სომხეთი ნიკოლის გარეშე”! დაწყებული დაუმორჩილებლობის აქციის დღის წესრიგის უმთავრეს საკითხს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა წარმოადგენს.