ომბუდსმენს ყველაზე მეტად მოეთხოვება დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს – გვარამია არის არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმის გარდა, რაზეც გვარამიას განაჩენი აქვს გამოტანილი, მას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მძიმე დანაშაულებზე.
„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მითუმეტეს ომბუდსმენს ალბათ, ყველაზე მეტად მოეთხოვება დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავის მანდატის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს რეკომენდაციით მიმართოს პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე და საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ გვარამია, რომელიც გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პროკურორის პოზიციაზე მუშაობისას პირდაპირ ამართლებდა რეიდებს ტელევიზიებში. სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს გადაწყვიტა სასამართლომ, სადაც მას ჰქონდა საშუალება საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა,” – განაცხადა თალაკვაძემ.