25.11.2024

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა – ფუნქციის შესრულება მიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია, – ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოსვე ყოფილი ელჩი თეა კატუკია თანამდებობის დატოვების შემდეგ აცხადებს.

როგორც კატუკია აღნიშნავს, საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე გახდა, რას მისივე შეფასებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს.

მისივე თქმით, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა. პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია. ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს – იმ ფასეულობებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას. აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და კოვიდ – 19 – პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანძილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ“, – წერს კატუკია სოციალურ ქსელში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img