პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამუშაო პროცესის ფარგლებში განიხილავენ რამდენიმე საკითხს, მათ შორის, რიგგარეშე სესიის დანიშვნის საჭიროებას. სამნიძის თქმით, ამას სჭირდება თანამშრომლობა პრეზიდენტთან და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ის ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯის გადასადგმელად ოპოზიციის აქტიურობა.
სამნიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ნომერ პირველი საკითხი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში.
“კანონპროექტები არის მზად, რომელსაც არ ჭირდება არანაირი საკომისიო მუშაობა. მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები არის თავიდან ბოლომდე შეთანხმებული და პირველი მოსმენით მას კენჭი ეყარა, დარეგისტრირებულია ანტიკორუფციული კანონპროექტი, კონკურსია გამოსაცხადებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, ამ საკითხებს არ ჭირდება კომისია და სექტემბრისთვის გადადება. ამ საკითხების მიხედვით უნდა შეიქმნას დღის წესრიგი რიგგარეშე სესიისთვის, რასაც დაჭირდება პრეზიდენტთანაც კონსულტაციები, ამას ხელს შეუწყობს სამუშაო შეხვედრები. „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული ფორმატები დროის გაჭიანურებაა, მათგან არ ჩანს მზაობა გადმოდგან ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ, ეს გამოჩნდება თუ “ქართული ოცნება” კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის ერთ- ერთი ინდიკატორი, რომ “ქართული ოცნება” მზად არის დეპოლარიზაციისთვის,”- განაცხადა სამნიძემ.