საქართველოს მთავრობა – სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.
ივნისის განმავლობაში Platts-ის საშუალო ფასი იყო $1,361 დოლარი, რაც მაისის ფასთან – 1,227 დოლართან შედარებით 10.9%-ით მეტი იყო.
თუმცა საწვავის გაძვირება 10.9% არ ყოფილა, რადგანაც ივნისში ლარის გაცვილითი კურსი გამყარდა. მაისში ერთი დოლარი საშუალოდ 2.95 ლარი ღირდა, რაც აპრილის კურსთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია.
ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ივლისში მთავრობისთვის შესასყიდი საწვავის ფასი გაიზარდა.
• რეგულარი – ივნისის ფასი მთავრობისთვის 3.91 ლარი, ივლისის ფასი 4.24 ლარი, მატება 8.44%;
• პრემიუმი – ივნისის ფასი მთავრობისთვის 3.92 ლარი, ივლისის ფასი 4.25 ლარი, მატება 8.31%;
• სუპერი – ივნისის ფასი მთავრობისთვის 4.24 ლარი, ივლისის ფასი 4.57 ლარი, მატება 7.8%.
საგულისხმოა ფაქტი, რომ ივნისის განვალობაში Platts-ის გაძვირება საცალო ქსელებში ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ჯერ სრულად არ ასახულა და შესაძლოა უახლოეს კვირებში ფასი გაიზარდოს, თუმცა პარალელურად შესამჩნევია ნედლი ნავთობის ფასის კლებაც. ბოლო ერთ კვირაში ნედლი ნავთობის ღირებულება ბარელზე 108 დოლარიდან 100-მდე შემცირდა, რაც თავისმხრივ Platts-ის ფასსაც შეამცირებს. ამასთანავე, გასულისხმოა ფაქტი, რომ საქართველომ ბოლო ორი თვის განმავლობაში საწვავის იმპორტში რუსეთის წილი გაზარდა, რადგანაც ამ ქვეყნიდან უფრო იაფი ღირებულების ნავთობის შესყიდვაა შესაძლებელი, ვიდრე EU-ს ქვეყნებიდან.
ამჟამად რეგულარის ღირებულება საცალო ქსელებში 3.59-3.80 ლარის ფარგლებშია, პრემიუმი – 3.99-4.15 ლარის ფარგლებში, სუპერი კი – 4.15-4.20 ლარის ფარგლებში ღირს.
წყარო: bm.ge