საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ – მოაგვარეთ 12 პრიორიტეტი! გასაგები და მარტივია, შეიძლება უფრო მარტივი იყოს? – ვფიქრობ არა, რადგან ყველაფერი წარმოდგენილია კარგად დაწერილი და კარგად ახსნილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.
„საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვას დიდ დროს ვუთმობთ. საშუალოდ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას, რომელსაც განვიხილავთ. რატომ? საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში არის ალბათ, რაღაც, რაც არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ოპტიმისტური. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ – მოაგვარეთ 12 პრიორიტეტი! გასაგები და მარტივია, შეიძლება უფრო მარტივი იყოს? – ვფიქრობ არა, რადგან ყველაფერი წარმოდგენილია კარგად დაწერილი და კარგად ახსნილი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველოს მმართველი პარტია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და ყველა პოლიტიკურ ძალას მიიწვევს ამ პროცესში მონაწილეობისთვის.
„ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში არსებობს სისტემური გამოწვევა. ნამდვილად იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოება და ხარვეზები. ვიმედოვნებ, რომ მმართველი პარტია აჩვენებს კონსტრუქციულ და პოზიტიურ მობილიზაციას, ინიციატივას, რომ მოიწვიოს ყველა პოლიტიკური ძალა და გახადოს ისინი ამ სამუშაოს მონაწილეები. ეს ეხება საქართველოს მომავალს და არა ჩვენს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.