უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს. მათ საბუთები წაართვეს და აშინებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდეტმა სამხრეთ კორეაში აზიის ლიდერთა კონფერენციის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი – ზუსტ რაოდენობას ახლა ვერავინ დაასახელებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ყველა ეს პირი კავშირგაბმულობის საშუალებებს მოკლებულია, „საბუთებს ართმევენ, აშინებენ“ და ცდილობენ წაიყვანონ რუსეთის შორეულ რაიონებში, რათა რაც შეიძლება მეტად გაუჭირდეთ სახლში და სამშობლოში დაბრუნება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა იძულებით შექმნა ეგრეთ წოდებული ფილტრაციის ბანაკები, რომლებითაც აიძულებს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლას.
,,ათიათასობით ადამიანი რჩება იქ. ახალგაზრდა ქალები იქ ქრებიან. ვფიქრობ, თქვენ ყველას გესმით, რა ხდება მათ თავს იქ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.