13 ივლისს ტელეკომპანიების “მაესტროსა” და “იმედის” ეთერით წამყვან გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო. საუბარია აუდიოჩანაწერებზე, რომელიც უცნობის თქმით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს. მთავარი არხის ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ტელეკომპანია მთავარი არხის თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით”, – ამბობენ უწყებაში.