საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ევროპაში ყველაზე ჩამორჩენილია – რა არის ამის მიზეზი?
წესით, ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროს მესვეურებისთვის 2021 წელის განსაკუთრებული უნდა იყოს. წელს უნდა გაირკვეს საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეები წაკითხულის/მოსმენილის გააზრებაში 77 ქვეყნიდან კვლავ 70-ე ადგილზე არიან, ოდნავ წინ და კიდევ უფრო უკან. ეს მონაცემები ნათლად მეტყველებენ ქვეყანაში განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობაზე. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი 2018 წლის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) ბოლო კვლევას და მოვისმინოთ განათლების ექსპერთა მოსაზრებებიც, თუ რატომ ვერ გამოგვაქვს აზრი წაკითხულიდან თუ მოსმენილიდან.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) ბოლო კვლევით, კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 15 წლის ქართველ მოსწავლეებს კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი აქვთ. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველომ წინა კვლევასთან შედარებით სამივე კატეგორიაში გაუარესებული შედეგები აჩვენა. ქართველ მოსწავლეებს ისევ უჭირთ წაკითხულიდან ნააზრევის გამოტანა, აქვთ სუსტი მათემატიკური უნარები და ჩამორჩებიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
PISA -ს ფარგლებში ფასდება მოსწავლეთა კომპეტენციები კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში. მასში 79 ქვეყნის დაახლოებით 600 000-მა 15 წლის ასაკის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან კი, 300-ზე მეტი სკოლის 5000-ზე მეტი მოსწავლე იქნა გამოკითხული.
კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს არა მოსწავლეების მიერ სკოლის პროგრამის ათვისებას, არამედ რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები აქტიური და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. მოწმდება 15 წლის მოზარდების მზაობა, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც მათ სკოლაში მიიღეს. ასევე, ტესტი ააშკარავებს იმ პრობლემებს, რაც მოზარდებს ინფორმაციის გადამუშავებისას აქვთ. მაგალითად, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნას 15 წლის ასაკის მოზარდების საშუალოდ მხოლოდ 9 % ახერხებს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.
PISA საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანა არა მხოლოდ საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკის სისწორეს დააკვირდეს, არამედ გაიგოს, რამდენად კონკურენტუნარიანები არიან მისი მოსწავლეები მსოფლიო ბაზარზე. ამ მონაცემების მიხედვით კი საქართველოში განათლების სისტემა მძიმე მდგომარეობაშია.
რა არის ის ძირითადი მიზეზები, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ქვეყანას ასეთ დაბალ დონეზე წარმოაჩენს? რა არის ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქართველი მოსწავლეები ასეთ დაბალ შედეგებს აჩვენებენ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კვლევებში? რატომ ვართ ასე ჩამორჩენილები? როგორ უნდა წავიდეთ წინ, სად არის გამოსავალი? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, განათლების სისტემის შესაცვლელად? – ჯანდაცვის ექსპერტები „ვებგაზეთთან“ ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და ამბობენ, რომ პრობლემები კომპლექსურია. საქართველო კი კვლევაში სამივე კატეგორიაში დაბალ საფეხურებზეა. ასე, მაგალითად:
- კითხვაში საქართველო იკავებს 70/77 -ეადგილს და უწერია 380 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა არის 487
- მათემატიკაში საქართველო იკავებს 66/78-ე ადგილს და უწერია 398 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა არის 489;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო იკავებს 73/78-ე ადგილს და უწერია 383 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა არის 489;
- წინა, 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შედეგები გაუარესებულია. 2015 წლის შედეგებით:
- კითხვაში საქართველოს ჰქონდა 401 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა იყო 493
- მათემატიკაში საქართველოს ჰქონდა 404 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა იყო 490;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს ჰქონდა 411 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა იყო 493;
კვლევაში საქართველოზე დაბალ შედეგებს უჩვენებენ პანამა, ინდონეზია, კოსოვო, მაროკო, ლიბანი, დომინიკის რესპუბლიკა და ფილიპინები.
პედაგოგი და ფილოლოგი გია მურღულია „ვებგაზეთთან“ ამბობს, რომ საქართველოში სწავლის ხარისხს რამდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს. მასწავლებლის მოტივაცია, სწორი სასწავლო გეგმა, საგაკვეთილო პროცესში ბავშვის ჩართულობა – ეს ჯაჭვურადაა ერთმანეთზე გადაბმული. ხოლო თუ ერთ-ერთი კომპონენტი გაწყვეტილია, სასურველი შედეგის მიღწევა ძნელია. საქართველოში კი თითქმის ყველა ეს ჯაჭვი მორღვეულია.
სამწუხაროდ ჩვენს სკოლებში სწავლების დაბალი დონეა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, კლასების გადატვირთულობა.
„სამწუხაროდ ჩვენს სკოლებში სწავლების დაბალი დონეა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, კლასების გადატვირთულობა. ყველაფერი კი ჯამში გვაძლევს იმას, რომ სწავლის ხარისხი დაბალია. მოსწავლეებს განათლების მიღების ნაკლები მოტივაცია უჩნდებათ. მასწავლებლებს კი კაბალურ პირობებში მუშაობა უწევთ. მასწავლებლები ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არიან. უფრო მეტი კვალიფიციური მასწავლებელი გვყავს, მაგრამ ანაზღაურება დაბალია. სახელმძღვანელოების პრობლემაც შეიძლება იყოს. სახელმძღვანელოებში, რომლითაც ვასწავლით, განმამტკიცებელი სავარჯიშოებს არ მოიცავს. ამიტომ, დამატებით ინფორმაციას მასწავლებელი თავად თუ არ მოძებნის, ბავბშვები მხოლოდ ამ მშრალი მასალიდან ვერაფერს იღებენ. ამიტომ ბავშვების წიგნიერების დონეც დაბალია. ზოგადი დონე არადამაკმაყოფილებელია და ეს კომპლესური პრობლემების ბრალია. ასევე კლასებში მოსწავლეების რაოდენობა 35-დან 40-მდე მერყეობს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში განათლების დონის ამაღლება ვერ მოხერხდება.“,-ამბობს მურღულია.
განათლების საკითხების ექსპერტი გიგი თევზაძე „ვებგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სამწუხაროდ, 2021 წლის PISA-ს კვლევაში საქართველოს შედეგებში დიდ ცვლილებებს არ ელის. მისი თქმით, 2018 წელთან შედარებით მოსაწვლეებს ინტერნეტთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, თუმცა რთული სათქმელია განათლების ხარისხზე გავლენას ეს ფაქტი რამდენად მოახდენს. კითხვაზე, რატომ არის საქართველო ამ კვლევების მიხედვით ევროპაში ყველაზე ჩამორჩენილი, ექსპერტი პასუხობს:
სწავლება არ ხდება ინდივიდულაურად რეგიონების მიხედვით. მაგალითად, როგორ წარმოგიდგენიათ, სვანეთში, მარნეულში, კახეთში და სამეგრელოში ერთნაირად ასწავლიან
„პრობლემა არის ის, რომ სკოლებში სწავლება ცენტრალიზებულია. მასწავლებლებს უფრო განათლების სამინისტრო აწუხებთ, ვიდრე მშობლები და მოსწავლეები. სისტემა არის საკამოდ მოძველებული და არ არის ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული. გვაქვს მასწავლებლების პრობლემაც. ძირითადად ისინი სასწავლო პროცესის დროს არიან მხოლოდ იმაზე ორიენტირებული, რომ ბავშვებს საგანი დააზეპირებინონ, არ მისცენ ინდივიდუალურად საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. არ ასწავლიან კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას. ბრმად აძლევენ რაღაცა კონკრეტულ მასალას, რომლის იქითაც ბავშვის გონებრივ განვითარებაზე არ ფიქრობენ.
სწავლება არ ხდება ინდივიდულაურად რეგიონების მიხედვით. მაგალითად, როგორ წარმოგიდგენიათ, სვანეთში, მარნეულში, კახეთში და სამეგრელოში ერთნაირად ასწავლიან. სხვადასხვა პირობებია, გარემოა, მიკროისტორიებია, სადაც ყველა მხარეს ინდივიდაულური განათლების პროგრამა სჭირდება. როგორი საზოგადოებაცაა თითოეულ რეგიონში სწავლება იმის მიხედვით უნდა ხდებოდეს. ეს ხალხი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ცენტრალური განათლების სისტემა ვერ ამართლებს“, – აცხადებს გიგი თევზაძე „ვებგაზეთთან“.
მისივე თქმით, სკოლები მასწავლებლებს და მშობლებს უნდა ეკუთვნოდეს და ისინი უნდა წყვეტდნენ ბავშვებს რა სახის განათლება მისცენ. თევზაძე ამბობს, რომ თავად სკოლის დონეზე უნდა წყდებოდეს ბავშვებს რა სახის განათლების პროგრამით ასწავლონ. თუმცა საერთო თემაც უნდა არსებობდეს, რომელიც ყველასთვის ერთი იქნება და ამის გარეშე განათლების მიცემა არ შეიძლება. სახელმწიფო კი ამ ყველაფერს უნდა ეხმარეობოდეს. თევზაძე განათლების სამინისტროს გეგმებსაც ეხება და ამბობს, რომ ისინი ბუნდოვანი და განუხორციელებელია.
„რაც შეეხება სკოლაში კრიტიკული აზროვნების სწავლას, მსგავსი რამ საერთოდ საქართველოში თუ ხდება მე არ გამიგია. ზოგადად არის ხოლმე ეს კონკრეტულ მასწავლებელზე დამოკიდებული. თუმცა ძირითადად, როგორც აღვნიშნე, მასწავლებლების დიდი ნაწილი გაწერილ სასწავლო პროგრამას მიყვება. ევროპაში მასწავლებლებს ასწავლიან მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებაში როგორ უნდა დაეხმარონ. რასაც მოსწავლეს ასწავლი, ყველაფერი კრიტიკული აზროვნებით უნდა ასწავლო. ჩვენთან მხოლოდ დაზეპირებას სთხოვენ და შემდეგ ამ დაზუთხულ მასალას აყოლინებენ. ასეთი სწავლება არცერთ სხვა ევოპულ სკოლებში არ არის. ამიტომაც გვაქვს სავალალო შედეგები“,-აცხადებს თევზაძე „ვებგაზეთთან“.
ევროპაში მასწავლებლებს ასწავლიან მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებაში როგორ უნდა დაეხმარონ
განათლების კიდევ ერთი ექსპერტი რეზო აფხაზავა „ვებგაზეთთან“ განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობას ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებსაც უკავშირებს. მისი თქმით, თუ რომელიმე წლებში სწავლის მხრივ გაუმჯობესებული მონაცემებია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის და კერძო სკოლების ხარჯზე. რეგიონებში კი კვლავ უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს.
„თუ რამე დადებითი მონაცემები გვაქვს სწავლის ხარისხთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ იმ მოსწავლეების ხარჯზე, რომლებიც უფრო მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნებიან. ანუ ამაში კერძო და ქალაქის სკოლებს ვგულისხმობ. უფრო შეძლებული მოსწავლეები, რომლებიც ასევე რეპეტიტორებთან ემზადებიან. ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, ეს არის გაჭირვებული ბავშვების განათლების საკითხი. საშუალო მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კი საერთოდ ძალიან დაბალი გვაქვს. წელსაც არ გვაქვს იმედი, რომ რაიმე გაუმჯობესება იქნება.
თუ რამე დადებითი მონაცემები გვაქვს სწავლის ხარისხთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ იმ მოსწავლეების ხარჯზე, რომლებიც უფრო მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნებიან
სკოლა გამათანაბრებელ ფუნქციას ვერ ასრულებს, შესაბამისად იმ ადამიანებს, ვისაც მეტი შემოსავალი აქვთ, ბავშვებს მასწავლებლებთან ამზადებენ. ასევე, სახლში დამატებით პირობები აქვთ იმისთვის, რომ უკეთესი ცოდნა მიიღონ, ვიდრე დაბალი სოციალური ფენის მქონე მოსწავლეებმა. აქ ვგულისხმობ საინფორმაციო რესურსებზე წვდომასაც, დამატებით ლიტერატურის გამოყენებას და რეპეტიტორების დახმარებას. ამიტომ არის, რომ სკოლა უნდა იყოს თანაბრად განათლების მიმცემი ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის.
არსებობს ასევე ტექნიკური პრობლემებიც, რაც ბავშვს განათლების მიღებაში ხელს უშლის. ამიტომაც სახელმწიფო ასეთ ბავშვებს უნდა ეხმარეობოდეს. პრობლემა პედაგოგების დაკავშირებითაც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მასწავლებლები გვყავს, მასწავლებლების გადამზადებაა საჭირო. ბევრ ახალგაზრდა მასწავლებელს სკოლაში შესვლის საშუალება უნდა მიეცეს“ – ამბობს აფხაზავა.
ბევრ ახალგაზრდა მასწავლებელს სკოლაში შესვლის საშუალება უნდა მიეცეს“
რაც შეეხება განათლების სამინისტროს პოზიციას, მათთან დაკავშირებას შევეცადეთ თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ამიტომაც სტატიაში იმ პოზიციას გთავაზობთ, რაც მათ საჯაროდ უკვე დაფიქისრებული აქვთ.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) ციკლური ხასიათის საერთაშორისო კვლევააhttps://naec.ge/#/ge/post/1499, რომელიც 2000 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევას ატარებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია( OECD) და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნები. საქართველო PISA-ში 2009 წლიდან მონაწილეობს. ისინი მოსწავლეთა 32-მილიონიან პოპულაციას წარმოადგნდნენ. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის შედეგებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
“ვებგაზეთისთვის” მოამზადა ელიზა პოპიაშვილმა