„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრისა და ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.
„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.
„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე.
ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც უპასუხეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით ოპოზიცია ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობს.
„ჩვენი პოზიცია არის ნათელი, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ჩვენ დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რაც უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენი პიზიცია არის უცვლელი – არსებობს ორი მთავარი საკითხი პოლიტპატიმრების როგორც მელიასი, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი.
ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ჩვენ დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან
ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ, რა მექანიზმებით, რანაირად შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა „ქართულ ოხცნებაზე“ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შესაბამისი შედეგი, რადგან ყველას ესმის, რომ დღეს პოლიტიკური ჩიხი ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ჩიხიდან ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ გამოიყვანოს ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა სამადაშვილმა.