„კოვაქს პლატფორმის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია და ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის მოლოდინი კვლავ გაურკვეველი ვადით გადადო. ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებდა. იმ პერიოდში ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად იანვარი სახელდებოდა, თუმცა ამ თარიღმა იანვარში გადაიწია თებერვლამდე, ხოლო ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ვაქცინას ვერც თებერვალში მიიღებს. მიზეზად „კოვაქს პლატფორმა“ საქართველოს მიერ წარდგენილ არასაკმარის დოკუმენტაციას ასახელებს. თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო თითს „ფაიზერისკენ იშვერს“ და მათ მიერ გასულ კვირაში დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნაზე საუბრობს – აღნიშნავს, რომ „კოვაქს პლატფორმის“ მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს საქართველომ ვერც კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ვერც დოკუმენტაცია წარადგინა დროულად, სიმართლეს არ შეესაბამება. რას ამბობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამ თემაზე:
გიორგი გახარია აცხადებდა, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებდა.
„შუალედური კომუნიკაციის შემდეგ „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერის“ მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში ჩვენ კოვაქსი ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები,“ ეს განცხადება თამარ გაბუნიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც სააგენტო „ინტერპრესსნიუსმა“ „კოვაქს პლატფორმას“ კითხვები გაუგზავნა და მათი პასუხი გაასაჯაროვა.
უკვე დღეს, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მიღების ზუსტ თარიღს აღარ ამბობს და მიზეზად საზოგადოებაში გაუგებრობების თავიდან აცილებას ასახელებს. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები. როგორც ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე „ვებგაზეთთან“ ამბობს, სამინისტროში მათ ინიციატივებს დუმილით პასუხობენ. ექსპერტი ამ დუმილის მიზეზად ვაქცინის გარშემო არსებული წარუმატებელი მოლაპარაკების დეტალების გამომჟღავნების შიშს უკავშირებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, სერგო ჩიხლაძე „ვებგაზეთთან“ ამბობს:
„„კოვაქს პლატფორმამ“ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ. ჯანდაცვის სამინისტროს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით დახმარება არაერთხელ შევთავაზეთ, როგორც პოლიტიკური პლატფორმებიდან, ისე ნეიტრალური ექსპერტული წრეებიდან, თუმცა ჯერჯერობით სამინისტროდან ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია.“ სერგო ჩიხლაძე საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების შეფერხების მიზეზად, ქვეყნის მიერ კრიტერიუმების ვერდაკმაყოფილებლობას მიიჩნევს.
„კოვაქს პლატფორმის“ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვენი უწყებების არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. თუმცა ამას ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია შედეგი
სერგო ჩიხლაძე: „„კოვაქს პლატფორმის“ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვენი უწყებების არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. თუმცა ამას ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია შედეგი. ახლა უნდა ვეცადოთ შეცდომის გამოსწორებას და არ არის საჭირო ხელის გაშვერა. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დახმარება აქამდეც ბევრჯერ შევთავაზეთ და ახლაც ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. თუ ყველაფერი გამოვა ყველას წარმატება იქნება, თუ რამე არ გამოვა ყველას პასუხისმგებლობა, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ალბათ არ სურთ გამჟღავნდეს, რომ მოლაპარაკებები არასათანადოდ აწარმოეს, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ არ გავკიცხავთ, მთავარია გამოსავალი ვიპოვოთ,“ – აღნიშნავს ექსპერტი „ვებგაზეთთან“.
ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტსა და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრ ვატო სურგულაძეს სჯერა, რომ ვაქცინის შემოტანის შეფერხების მიზეზი ხელისუფლების არაკომპეტენტურობაა. მისი თქმით, „კოვაქს პლატფორმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმაა, რომელსაც ნაკლებ სავარაუდოა რაიმე პრობლემები ჰქონდეს. ექსპერტი მოითხოვს, რომ სამინისტრომ გაასაჯაროვოს ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც „კოვაქს პლატფორმასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს:
ექსპერტი მოითხოვს, რომ სამინისტრომ გაასაჯაროვოს ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც „კოვაქს პლატფორმასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იძახის, რომ სატელეფონო ზარს ველოდებით ერთი კვირააო, რაც ძალიან არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. სამინისტრომ გვაჩვენოს კონტრაქტი, რა ხდება, რა კრიტერიუმები არ შევასრულეთ, არ აქვეყნებენ არანაირ დოკუმენტაციას, რატომღაც ეს დიდ სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. ყველამ უნდა იმუშაოს ვაქცინის შემოტანის საკითხზე, ელჩებმა, მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრებმა, კერძო პირებმა, ვისაც დახმარება შეუძლია. ე.წ. პირველი ტალღის დროს, ძალიან სერიოზული დოკუმენტი შევიმუშავეთ, ის რომ განეხილათ, შემოდგომაზე იმ სურათს არ მივიღებდით, რაც მივიღეთ,“ – აცხადებს ვატო სურგულაძე „ვებგაზეთთან“ და აღნიშნავს, რომ დახმარებაზე უარს ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ ეს დახმარება ოპოზიციური პარტიების წევრებისგან არის შეთავაზებული.
რატომ არ იღებს დახმარებას ჯანდაცვის სამინისტრო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, რატომ არ ასაჯაროვებს იმ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც ვაქცინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რეალურად როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინა – ამ და სხვა კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა „ვებგაზეთს“ სამინისტროში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ბრიფინგების გარდა სხვა კომენტარები არ კეთდება. ვაქცინის შემოტანასა და ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი გვითხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც. ორდღიანი სატელეფონო კავშირის შემდეგ, ცენტრში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე პასუხი ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს.
ექსპერტებს უჭირთ, ამირან გამყრელიძის დღევანდელი “იმედიანი” განცხადების დაჯერება იმის შესახებ, რომ „კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა“. ასევე, კიდევ ერთი განცხადება, რომ „კოვაქს პლატფორმიდან შემოთავაზება „ასტრაზენეკას“ გარდა, ახალ ამერიკულ ვაქცინაზეც გვაქვს“.
სერგო ჩიხლაძე: „არ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება ყოველთვიურად რა რაოდენობის ვაქცინა იქნება ქვეყანაში, ამიტომ დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. ფაქტია, რომ ამ ტემპით წელს მოსახლეობის სრულად აცრა ვერ მოხერხდება,“ – აღნიშნავს ექსპერტი „ვებგაზეთთან“.
რ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება ყოველთვიურად რა რაოდენობის ვაქცინა იქნება ქვეყანაში
ვაქცინის შემოტანის შემდეგ მის არასაკმარის რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას ჩიხლაძის კოლეგა პარტია „ლელოდან“, ვატო სურგულაძეც, რომელიც აცხადებს, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცეს თუ აცრა სურს და როდის აიცრება.
„კოვაქს პლატფორმამ“ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის თავის თავზე აიღო მხოლოდ 20%-ით უზრუნველყოფა. მხოლოდ მილიონ ოთხასი ათას დოზას მოგვაწვდის, ჩვენ ჯამში გვჭირდება სამ მილიონ ნახევარი. დანარჩენზე რას ვაკეთებთ, ამაზე საზოგადოებას ძალიან ბუნდოვანი ინფორმაცია აქვს,“ – აცხადებს ექსპერტი „ვებგაზეთთან“.
მანამ სანამ საქართველო ვაქცინის მოლოდინშია მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. უკვე აიცრა 53 499 421 ადამიანი, რაც მსოფლიო მოსახლეობის 0.69%-ს შეადგენს. აცრილი მოსახლეობის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ლიდერობენ, ვაქცინის ჯერჯერობით მხოლოდ მცირე დოზა, მაგრამ მაინც ვაქცინა, უკვე მიღებული აქვთ უკრაინას, ანდორას, გვინეასა და სხვებს.