22.11.2024

ომბუდსმენი-დავით გარეჯის საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის

2020 წლის 25 თებერვალს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. ომბუდსმენის დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომსა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე დაყრდნობით არის შედგენილი.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ, ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ.

“სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებაში აღნიშნული ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნა. ნინო ლომჯარია წარდგენილ დოკუმენტში მიიჩნევს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე“ გამოძიების დაწყება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა განაპირობა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან.

ნინო ლომჯარიას შეფასებით საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური, ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარესთან.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის საქმეში ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ.

„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

პირველი – შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები);

მეორე – სახეზე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

კანონიერების პრინციპთან მიმართებით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა დაწვრილებით მიმოიხილა, რამდენად იკვეთება ბრალდებულების ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები. ჩვენი შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ. ბრალდებულების მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მითითებული ინფორმაცია დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დოკუმენტებით. მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების, ან სხვა ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა.

დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ეფუძნება ბრალდება, დღემდე არ არის შემოწმებული ვარგისიანობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ასევე ყურადღებას ამახვილებს შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე და აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის საქმე მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა.

„სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკური პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ასევე იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ტესტით, რათა შეფასებულიყო, ხომ არ არსებობდა ბრალდების წარდგენის დროს არასამართლებრივი, აკრძალული (პოლიტიკური ან სხვა) მოტივი. ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, შევაფასეთ ორი საკითხი: 1) არსებობდა თუ არა საქმეში პოლიტიკური ან სხვა უკანონო ქვენა მოტივი, 2) უპირატესი იყო თუ არა პოლიტიკური ან სხვა მოტივი შესაძლო კანონიერ მოტივთან შედარებით.

აღნიშნული საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. დოკუმენტში მოხმობილია მმართველი პოლიტიკური პარტიის მაღალჩინოსნების, პოლიტიკური საბჭოსა და მთავრობის წევრების, პარლამენტარებისა და სხვების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდებას პოლიტიკური პარტიების კრიტიკისთვის იყენებდნენ.

როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა ოთხ დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი.

ასევე, ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა.

ჩვენი შეფასებით, წინამდებარე საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ჯეროვნად და დეტალურად იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე. საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი გადაწყვეტა უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე“, – წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img