ევროპელმა დიპლომატმა თბილისში შეხვედრები ერთი დღით გააგრძელა.
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს შეხვედრებს ისევ გამართავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოზიციების დაახლობაში დაეხმაროს და შეთანხმებას მიაღწიონ.
ევროპელმა დიპლომატმა თბილისში შეხვედრების ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ, გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დანიელსონმა აღნიშნა, შეხვედრები, რომელიც ჩატარდა, ნაყოფიერი იყო, მაგრამ საჭიროა მხარეებმა გამოსავალი იპოვონ და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
“გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ჩვენ გვჭირდება მეტი დრო დისკუსიისთვის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თბილისში კიდევ ერთი დღით დავრჩე და გავაგრძელოთ დისკუსიები, რათა, მხარეებს გამოსავლის მოძებნაში დავეხმარო. ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა პროცესში. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას, მხარეებზე არის დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. ვთანხმდებით იმაზე, რომ მხარეებმა გამოსავალი უნდა იპოვონ, მე ამაში მათ ვეხმარები. მოლაპარაკებების პროცესი არის რთული და უფრო მეტი დრო სჭირდება. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები შეძლებენ უფრო დაახლოებას და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ. მუშაობა ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა კომპრომისებისკენ მიდიხარ, ამას დრო სჭირდება. ჩემი მოლოდინი ყოველთვის ეს იყო – ჩვენ ვმუშაობთ მანამ, ვიდრე მხარეები წინსვლის გზებს არ იპოვნიან. მე დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივედით”, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. იმავე დღეს შეხვდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა.
შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6- პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს. დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.