თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწისზედა
მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ
არის და ის განხილვის ეტაპზეა.
ვიცე-მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს
მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები
კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა
დასრულებულია, თუმცა, პროექტირების ეტაპი პანდემიით გამოწვეული
სირთულეების გამო, ჯერ არ დაწყებულა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებასთან
დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის შედეგად, ახლო მომავალში
მიიღებს.
„მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, ჯერ უარი არავის უთქვამს.
აღნიშნული პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-
ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც სამ ვარიანტზე
მზადდებოდა, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან
დაკავშირებით და შემდეგში, თუ რომელი ვერსია უნდა განეხორციელებინა
საპროექტო კომპანიას. ამის შემდეგ, გადავიდოდით სამშენებლო ეტაპზე.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ხოლო გადაწყვეტილება
იმასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, ჯერ
მიღებული არ გვაქვს. პანდემიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გართულებულია
მდგომარეობა. ერთი მხრივ, სახსრების მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული
პრობლემების გამო, მეორე – პანდემიამ სატრანსპორტო სისტემის
ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ
კიდევ განხილვის ეტაპზეა. განხილვის დასრულებამდე კი რთულია იმის თქმა,
რომელ ვერსიას გავყვებით და საერთოდ, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს
პროექტი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა
ირაკლი ხმალაძემ.