„ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა და წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი დღის ახალ წესრიგზე გადავა, რადგან შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი.
„მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა მოლაპარაკების პერიოდში, მოლაპარაკება ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა და წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. თუმცა, სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების ეს ეტაპი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა, ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის სიმართლე ეთქვა, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი. მაშინ, როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ, შემოვლენ პარლამენტში, როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას, მას როცა მოუნდება, მაშინ გამოვა ციხიდან. ამ არგუმენტებით, ამ ძალით შექმნილი, ხელოვნური კრიზისით, რომელიც მათზეა დამოკიდებული, რომ ერთ წამში აღმოიფხვრას, შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ქვეყანაში კრიზისია და სხვა დღის წესრიგი ვერ იქნება. ამიტომ, ჩვენ ისეთ საკითებზე ვიმსჯელეთ, როგორიც არის: პანდემია, ვაქცინაცია, შესაბამისი რეგულაციები, პოსტპანდემიური აღდგენის გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები,რომელიც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში და მიმდინარეობს ასევე ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პროექტები, ევროინტერგაციის საკითხები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს, ენერგოდამოუკიდებლობა და აქ გვაქვს კონკრეტული გამოწვევები, ამ თემებზე ვმსჯელობთ, აქაც სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.
ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას ამ გამოგონილი და ხელოვნური კრიზისის პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარტნიორებთან, ევროპელ, დასავლელ, ამერიკელ კოლეგებთან და ყველა ის კომპრომისული წინადადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა დადებული მოლაპარაკებების მაგიდაზე, დღის წესიგშია და ნებისმიერ მათგანზე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ პასუხის გაცემა, პარლამენტში შემოსვლა და მონაწილეობა იმ საკითხების პოზიტიურად და ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, რა საკითხებიც ჩამოვთვალე“, – განაცხადა მდინარაძემ.