საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართთველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციების მკითხველი კადრები. ისევე, როგორც 4 დადასტურებული და 3 განხილვაში მყოფი დანაშაული აპატიეს.
მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა: აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე – 1 წელი და 6 თვე, ტვ იბერიის საქმეზე – 1 წელი და 6 თვე, ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე – 5 წელი და 3 თვე, კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე – 6 წელი. ბრალდებულია: რობაქიძის საქმეზე, ტელეიმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე, ე.წ ციხის კადრების საქმეზე“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა.
„ვებგაზეთს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს, რომ ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება აქვს შეტანილი და მიმდინარეობს საქმის განხილვა, რომელიც კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში, მაისში უნდა დასრულდეს.