პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
“ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრის ძალიან სერიოზული რყევები, თითქმის ყველა სუბიექტში. „ლელო“ იყო და არის გამონაკლისი. მმართველ პატიაში რა მოხდა ვნახეთ, ბევრ სხვა პოლიტიკურ ძალებში, ეს სწორედ ამ პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია. როცა ასეთი კრიზისია, როცა აზრთა სხვადასხვაობაა, ხდება ასეთი ამბები. ვისურვებდი, ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად „დაღვინდეს“, ყველა ინდივიდმა და პოლიტიკურმა გუნდმა თავისი გეზი გამოკვეთოს და ნაბიჯები წინ გადავდგათ. კონკრეტული შეფასებისგან თავს შევიკავებ, მთავარია დავინახოთ, რომ ყველა მართლა ამ ქვეყნის სასიკეთოდ ვშრომობთ და ვიბრძვით, მართლაც ვახერხებთ იმას, რომ ევროპული სტანდარტისა და ევროპული სტილის პოლიტიკა ვაკეთოთ და არა ის წიოკი, რომელიც ზოგადად, ხანდახან გვახასიათებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა
რამდენიმე თვის წინ, დავით უსუფაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ გარკვეული დროით საჯარო სივრციდან დისტანცირდებოდა, მიზეზად კი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია დაასახელა. უსუფაშვილმა თქვა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ დაბრუნებას გეგმავდა.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- ლელომ – ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე;
- სტრატეგია აღმაშენებელმა – გიორგი ვაშაძე;
- რესპუბლიკურმა პარტიამ -ხათუნა სამნიძე;
- გირჩმა – ვახტანგ მეგრელიშვილი;
- გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე;
- მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი;
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.
ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.