ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში მორიგი დაპირისპირება მოხდა. აქ, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირდებით, წირვა უნდა ჩატარდეს, თუმცა, ეკლესიის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სასულიერო პირების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. იყო როგორც სიტყვიერი, ისე – ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
სასულიერო პირები მოითხოვდნენ, რომ ბიზნესმენს ეკლესიის ეზო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. როგორც ისინი აცხადებენ, მონასტერი და იქ არსებული მარანი ბიზნესმენის ინტერესის საგანია.
სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ტაძარში მისვლას მოჰყვა. სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.