არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე 2019-2020 წლებში 2,096,100 ლარი დაიხარჯა.
“2019-2020 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა მეტია, ვიდრე ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და მალტის პრემიერ-მინისტრების ხელფასები ერთად აღებული.
ყველაზე მაღალი ანაზღაურება კომისიის თავმჯდომარეს აქვს. 2019-2020 წლებში კომისიის თავმჯდმარემ კახი ბექაურმა ხელფასის სახით 399,600 ლარი მიიღო, ხოლო პრემიის სახით 83,250 ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ კახი ბექაური თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რადგან თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნდა. კერძოდ კი კახი ბეაური მათემატიკოსია, მაშინ როდესაც კანონი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. თუმცა წარსულში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია “მეცხრე არხის” დირექტორი იყო. სწორედ მე-9 არხიდან წამოსვლის შემდეგ გახდა კახი ბექაური ჯერ კომისიის წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარე.
კომისიის წევრებს ანალოგიური შრომის ანაზღაურება აქვთ, გამონაკლისი მხოლოდ ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ აბაშიძე იყო, რომელმაც 2019-2020 წლებში ხელფასის სახით 397,470 ლარი, ხოლო პრემიის სახით 79,090 ლარი მიიღო.
რაც შეეხება კომისიის 2 წევრს, ელისო ასანიძესა და მერაბ ქათამაძეს, მათ 2 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული აქვთ 379,632 ლარი, ხოლო პრემიის სახით 79,090 ლარი.კომისიის მეხუთე წევრს, გიორგი ფრუიძეს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2019 წლის დეკემბერში ამოეწურა, შესაბამისად 2019 წლის 11 თვის განმავლობაში მისმა ხელფასმა შეადგინა 187,658 ლარი, ხოლო პრემიის სახით მიიღო 31,636 ლარი.
2 წლის განმავლობაში კომისიის 5 წევრის შრომის ანაზრაურებაში უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე ამავე წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან:
მეცნიერების პოპულარიზაციის ქვეპროგრამაში – 469,900
ლარიუმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში – 379,400 ლარი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის დასაფინანსებლად – 1,430,900 ლარი
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2019 წელს კომუნიკაციის კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე 1,180,826 ლარი დაიხარჯა, რაც უფრო მეტია ვიდრე ევროკავშირის 5 წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი ერთად.
პრემიერ-მინისტრების შრომის ანაზღაურება: ლატვია 59,644 აშშ დოლარი = 167,599 ლარი
სლოვაკეთი 70,973 აშშ დოლარი = 199,434 ლარი
პოლონეთი 57,772 აშშ დოლარი = 162,339 ლარი
მალტა 56,900 აშშ დოლარი = 159,889 ლარი
ლიეტუვა 50,100 აშშ დოლარი = 140,781 ლარი
საერთო ჯამში: 830,042 ლარი
შეგახსენებთ, რომ უკლებლივ ყველა დასახელებული ქვეყანა ევროკავშირის წევრია და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს. თავის მხრივ, კომუნიკაციების კომისიის წევრები კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არიან.
კომისია ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების კრიტიკის ობიექტია – პოლიტიზირებული, მიკერძოებული და არაეფექტიანი გადაწყვეტილებების გამო.” – წერია “ფლანგვის დეტექტორის” სოციალურ გვერდზე.