ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სომხეთის პარლამენტმა, უკვე მეორედ, მხარი არ დაუჭირა. სომხეთის ნაციონალურi ასამბლეას ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი დაიშალა. ქვეყნის კონსტიტუციით, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს. ამით შეთანხმებაც სრულდება და სომხეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო, 76-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ეროვნული ასამბლეა ვადაზე ადრე იშლება.
ქვეყნის პარლამენტი მუშაობას დათხოვნის შემდეგაც განაგრძობს. კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება სრულდება მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული პარლამენტი პირველ სესიას გამართავს. ახალი არჩევნების ჩატარების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი სპეციალური განკარგულებით დანიშნავს.
შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გადადგომისას განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს, რათა ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მან მაშინ განაცხადა, რომ არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან 25 აპრილს გადადგა.