აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1992 წელს დაბადებული, სოხუმელი ბატალ ფილია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ე.წ.პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა 18 მაისს, საღამოს მოხდა სოხუმში, მის საცხოვრებელ სახლთან. არძინბა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ბატალ ფილიას აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ. 2015 წელს, ის ბუნტის მოწყობას ცდილობდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, 2019 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკის უკანონოდ შენახვისთვის და 2020 წელს მიუსაჯეს სამი წლით პატიმრობა. თუმცა, 2021 წლის თებერვალში გაირკვა, რომ ფილია კოლონიაში არ იმყოფება. ის სოხუმში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის. დე ფაქტო შსს მაშინ იუწყებოდა, რომ დაკავების შემდეგ ფილია შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.