საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას გამოეხმაურა.
„ძალიან მარტივია; 2012 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სრული თავისუფლება და რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატიაა. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის, მათ შორის – პროტესტის აქციების გზით გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას თბილისში მართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მოთხოვნები კვლავ უცვლელია. მათ მთავარ მოთხოვნად კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა სახელდება.