მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე გამჟღავნებული გზავნილები ქვეყნის უკეთესი მომავლის წინააღმდეგაა. „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ არსებული პროტესტის მთავარი გზანილი კი, არის ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ.
„ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარკეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის. ჩვენ გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ, იმის გამო, რომ ისინი არ გრძნობენ საერთოდ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების წინაშე. ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო, ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი ამ კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ეს არის ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრავლესობისგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, არა კამპანია მთავრობის კორუფციისა ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ ზემოთხსენებული გზავნილებია მათი ძირითადი გზავნილები. ვიმეორებ, კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების მიმართ, უმრავლესობისაგან განსხვავებულის, მეორე მხრივ, კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ჰქონდეს ყველა შანსი საკუთარი შრომით ბედნიერებისკენ სწრაფვის, რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად იცხოვრებს. ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი.
ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.