თუ ასე გაგრძელდა, ეს ქვეყანა გადაიჩეხება, ამ პოლიტიკით ჩვენ ხელს არავინ გამოგვიწვდის, ამიტომ დაფიქრდით და სასწრაფოდ გადადეთ ხვალინდელი მოსამართლეების არჩევა, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ საზოგადოების არცერთ ფენაში არ არსებობს „ქართული ოცნების“ და მისი მთავრობის მიმართ ნდობა. ეს ეხება ყველა სფეროს, თქვენ არ გენდობათ ბიზნესი, არ გენდობიან ინვესტორები და ეს ციფრებშიც ჩანს. არ გენდობათ ხალხი, რომლისთვისაც ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, არანაირი კომუნიკაცია და ახსნა-განმარტება ვერ მოახერხეთ, ეს გადაწყდა კაბინეტში რაც დღეს პროტესტს იწვევს. ვერ ახსენით რატომ ვერ აშენდა ანაკლია, უკვე ორი წელი გავიდა და გაჩერებულია იქ ყველაფერი. მთავარი საკითხი, რასაც ბოლო 6 თვე მივუძღვენით და ჩართულები იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ისევ ნდობაზე აისახება. ხვალ მოსამართლეები აპირებენ ოთხი მოსამართლის არჩევას, შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელმაც ახალ ლიანდაგზე უნდა დააყენოს ჩვენი მართლმსაჯულება.” – განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ფულს ითხოვს აშშ-სგან და ევროკავშირისგან, აცხადებს, რომ ვართ მათი პარტნიორები, თუმცა ამავე დროს, „უარს ვამბობთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – მართლმსაჯულების შეცვლაზე“.
რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი 300 მილიონზე მეტ დახმარებას შეერთებული შტატებისგან. ორი დღის წინ, შეერთებული შტატების ელჩმა მოგმართათ თხოვნით, რომ ხვალინდელი კონფერენცია იყოს გადადებული, თუმცა ბატონი სპიკერისგან იყო პასუხი, რომ მსგავსი რამ ვერ მოხდებოდა, რადგან მოსამართლეები იყვნენ ასარჩევები. სადაური პარტნიორობაა და წესია, როდესაც წლების განმავლობაში ხელგაწვდილი ღარიბ-გაღატაკებული ქვეყანა ფულს თხოულობს შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისგან, ამბობს ვართ თქვენი პარტნიორები და ელემენტარულ რამეზე, რაც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხს – მართლმსაჯულებას ეხება პასუხს სცემთ, რომ ვერ გადადებთ ოთხი მოსამართლის არჩევას.
რა სტილიც თქვენ დაამკვიდრეთ, არც პარტნიორობაა და არც ნდობა. ეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენს პარტნიორებს დალაგებული აქვთ საქმე. ერთი ხელით 300 მილიონი გამოართვა და მეორე ხელით უთხრა ვერ გადავდებ 26 მაისს, დასვენების დღეს, კლანის მიერ არჩეული მოსამართლეების არჩევას, აქედან ინგრევა ფუნდამენტი, იმიტომ არ შემოდის ინვესტიცია და არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში. თუ ასე გაგრძელდა, ეს ქვეყანა გადაიჩეხება. ამ პოლიტიკით ჩვენ ხელს არავინ გამოგვიწვდის, ამიტომ დაფიქრდით და სასწრაფოდ გადადეთ ხვალინდელი მოსამართლეების არჩევა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.