„20 ივნისის განმავლობაში არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანებისა და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისის განმავლობაში, ჩემი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ “თოქ-შოუების” წამყვან ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ დღემდე არ არის ცნობილი, თუ ვისი ბრძანებით ესროლეს პოლიციელებმა დამიზნებით ე.წ. დათვის ტყვიები, გახარიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ საგამოძიებო მასალებში არის პასუხი.
„შეგიძლიათ, საგამოძიებო მასალებს გაეცნოთ, იქ ყველაფერზე არის პასუხი. დათვის ტყვია იყო, თუ არ იყო დათვის ტყვია, სჭირდებოდა ამას ბრძანების გაცემა, თუ არ სჭირდებოდა მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ. შტურმის მოწოდება პარლამენტზე დაიწყო დაახლოებით 12-ის ნახევრიდან და მანამდე პოლიცია ითმენდა პირდაპირ ფიზიკურ შეტევებს. არაერთი ფარი იყო გატაცებული და 30-მდე პოლიციელი დაშავებული. ამას პირდაპირ ეთერში ხედავდნენ ადამიანები… მე იქ ვიყავი და ვუყურებდი, მელია, როგორ მოუწოდებდა შეჭრისკენ“, – თქვა გიორგი გახარიამ.