საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“საქართველოს მოქალაქეა მოგზაურობის ისტორიით დუბაიში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. ოჯახის კონტაქტები გამოკვლეულია და ყველა უარყოფითია. დროზე მოხდა იზოლირება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ეს შტამი გასული წლის სექტემბერში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ რესპუბლიკაში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, მაგრამ არის ასევე აშშ-სა და ევროპის ზოგ ქვეყანაში.
“ვიცით ასევე ისიც, რომ ის ერთნაირად აზიანებს ბავშვებს, როგორც მოზრდილებს და მეტი სიმწვავით ხასიათდება”, – თქვა გამყრელიძემ.