ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მინსკის მსგავს რეჟიმს იმ საქციელისთვის, რაც ჩაიდინა საფასურს გადაახდევინებენ.
„ძალიან მკაცრი განცხადება გავაკეთეთ. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მთავარია დავრწმუნდეთ, რომ სანქციები სრულყოფილად შესრულდება. ნათელი უნდა იყოს, რომ როდესაც მინსკის მსგავსი რეჟიმი იქცევა ისე, როგორც მოიქცა, როდესაც ძირითად საერთაშორისო ნორმებსა და წესებს არღვევს, ჩვენ მათ საფასურს გადავახდევინებთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის გატაცების შემზარავი ინციდენტის გათვალისწინებით, ნატოს წევრები ისურვებენ, მომხდარის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ერთად დადგნენ.
შეგახსენებთ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა და მინსკის მიზანი რეისის ერთ-ერთი მგზავრის, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დააკავება გახლდათ.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.