დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საქართველო ივლისიდან კორონავირუსის მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს.
„ქვეყანა ივლისიდან უნდა გადავიდეს მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ 5-6 ათას აცრას, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს 20-25 ათასამდე. მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა ვაკეთოთ 20-25 ათასი აცრა, რათა მივაღწიოთ ჩვენს სამიზნეს, აიცრას მილიონ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი.
ამისთვის შესაბამისი მარაგები დიდი ალბათობით გარანტირებულია. ამიტომაც ვემზადებით ივნისის განმავლობაში, რომ ეს ძალიან რთული, მაგრამ ძალიან აუცილებელი ამოცანა შევასრულოთ. ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას“,-აღნიშნავს გამყრელიძე.