მწერალი, მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. რეზო გაბრიაძე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენეს, საზოგადოებამ ის ტაძრიდან ტაშით გააცილა.
რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.
რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.