პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს, პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის “საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში” ფარგლებში, წარმოადგენილ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება.
კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები და ნათქვამია, რომ ამ პერიოდში პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ მონიტორინგს.
კვლევის შედეგად გამოვლენილ ძირითადად გამოწვევებში, ასევე, აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს;
ამასთანავე, საგანგებო მდგომარეობის დროს კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა.
„საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგალითად ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე იყო უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. არაერთხელ, საჯაროდ გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის დეპუტატების, ინტერესთა კონფლიქტის და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციაც. ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები,“- ნათვქმია ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ ამ მიმართულებით რეკომენდაციებსაც გასცემს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნისათვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა სრულყოფილად უნდა განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა. განსაკუთრებულ კონტროლს კი საჭიროებს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც უშუალოდ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას.