საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, 10 წლამდე ბავშვბებს უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლისას აღარ მოეთხოვებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენა.
ამასთან ერთად, მათ აღარ მოუწევთ საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება. ორივე სახის ცვლილება ვრცელდება საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებზე:
“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.“.
დადგენილება 16 ივნისიდან ამოქმედდა.