ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, ნინოწმინდის ბავშვათა პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონი დღის ცენტრად გადაკეთდება.
ბოდბის მიტროპოლიტის თქმით, დღის ცენტრი ისევ ნინოწმინდაში, თუმცა სხვა ტერიტორიაზე განთავსდება.
“სხვა ტერიტორიაზე მოხდება, თვითონ ნინოწმინდაში. აქ იქნება დღის ცენტრი, გავაკეთებთ ყველაფერს. ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი და ვორლდვიჟენი – დაემატა სახალხო დამცველი. ყველა რეკომენდაციას და რჩევას გავითვალისწინებთ, უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ. ასეთი დაწესებულებები არის მოძველებული ფორმა. არ შეიძლება ასეთები რომ იყოს. 2022 წლის პირველ აპრილამდეა ლიცენზირებული. ვფიქრობთ, მანამდეც შევცვლით”, – აცხადებს მეუფე იაკობი.
პანსიონის დღის ცენტრად გადაკეთების შესახებ მიტროპოლიტმა იაკობმა სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნინოწმინდის პანსიონის ახალ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ის პანსიონში ჩავა და მის მონიტორებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება.