საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 8.9 ლარით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და 214.5 ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციას უკავშირდება. ივნისში ინფლაციის მაჩვენებელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 9.9% იყო.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა ივნისში 190 ლარი შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 7.9 ლარითაა გაზრდილი.
საქსტატის მიერ დღეს წარმოდგენილ ანგარიშს არ ახლავს ოჯახის სულადობრივი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ორგანიზაცია 2021 წლამდე აქვეყნებდა.
2021 წელს საარსებო მინიმუმი თვეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
- იანვარი – 195.6 ლარი
- თებერვალი – 197.2 ლარი
- მარტი – 201.0 ლარი
- აპრილი – 202.8 ლარი
- მაისი – 205.6 ლარი
- ივნისი – 214.5 ლარი