თავდაცვის სამინისტრო სამართლებრივი დავის შეწყვეტიდან თითქმის 3 წლის შემდეგ სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს თავიდან სთხოვს გადაიხადოს ჯარიმა და ქონებას უყადაღებს.
სამართლებრივი დავა უწყებამ ყოფილ თანამშრომელთან 2019 წლის გაზაფხულზე ზეპირი მორიგების საფუძველზე შეწყვიტა და სარჩელი ეკატერინე ქვლივიძის წინააღმდეგ, სასამართლოდან გაიტანა.
ყოფილი სამხედრო მფრინავი განახლებულ სამართლებრივ დავას, ქონების დაყადაღებას და სამინისტროს მხრიდან ჯარიმის გადახდის მოთხოვნას თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებით ხსნის და ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო, სადაც ის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა და არ მიეცა საშუალება, გამოეყენებინა თავისი ცოდნა და გამოცდილება, 2019 წელსაც და ახლაც უსაფუძვლოდ ახორციელებს მის სამართლებრივ დავას. მას შემდეგ, რაც ქვლივიძემ შეიარაღებული ძალები დატოვა და სამართლებრივი დავა შეწყვიტა ძველ სამსახურთან, პარტია „ლელოს” წევრი გახდა და ფიქრობს, რომ ხანდაზმულობის ვადაგასული საქმის კვლავ წარმოებაში დაბრუნება სწორედ მის პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
2019 წელს სამინისტრო ეკატერინე ქვლივიძეს კონტრაქტის ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო ყოფილი თანამშრომლისგან ჯარიმის, 28 000 ლარის გადახდას ითხოვდა. ეკატერინე ქვლივიძე ხსნიდა, რომ კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიხვდა, რომ თავდაცვის სამინისტროში მას ფრენის საშუალება არ ექნებოდა. როცა ამ საკითხზე ხელმძღვანელებთან სცადა მოლაპარაკება, ღიად უთხრეს, რომ სამხედრო ავიაციაში შეზღუდული რესურსები იყო და მფრინავ ქალებზე ამ მწირ რესურსებს ვერ დახარჯავდნენ. ეკას 2016 წლის შემდეგ არც უფრენია, ისე დატოვა შეიარაღებული ძალები.
მფრინავ ქალსა და თავდაცვის სამინისტროს შორის სამართლებრივი დავა 2019 წელს რეზონანსული აღმოჩნდა, მასზე ლაპარაკობდა მედია და განიხილებოდა პარლამენტში, შედეგად, სამინისტრომ ყოფილ თანამშრომელს მორიგება შესთავაზა და სარჩელი სასამართლოდან გაიტანა.
„ჩვენი შეთანხმება იყო ასეთი: ვინაიდან სამინისტროს არ ქონდა პოზიცია, როგორც სამხედრო მფრინავი, ისე რომ დავბრუნებულიყავი სისტემაში, სამინისტრო სარჩელს გაიტანდა და მე, ჩემი ინიციატივითვე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს განათლებაზე დიდი თანხა იყო დახარჯული შეერთებული შტატების მხრიდან, სადაც სწავლება გავიარე, ვასწავლიდი სტუდენტებს სრულიად უსასყიდლოდ. არსებობდა კიდევ ერთი პირობა, მე არ უნდა მელაპარაკა სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ამ საქმეზე საჯაროდ. ეს პირობა პირნათლად შევასრულე.
განიხილებოდა აღდგენაც, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მფრინავის სტატუსს მომანიჭებდნენ, დამაბრუნებდნენ და ფრენის საშუალება მომეცემოდა. ეს ყველაფერი იყო ზეპირი შეთანხმება. შეთანხმებისას შეხვედრას ესწრებოდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც ახლა პარლამენტის წევრია, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკატერინე ქვლივიძე. ამ შეხვედრას ესწრებოდა მისი ადვოკატი, შალვა ხვთისავრიშვილიც, რომელიც იხსენებს, რომ სამინისტროში შეხვედრის შემდეგ ეკა ცდილობდა ზეპირი შეთანხმების წერილობით გაფორმებასაც, თუმცა ეს საჭიროდ აღარ ჩათვალა სამინისტრომ. უწყებამ ვერც ის უზრუნველყო, ეკას ზეპირი შეთანხმების პირობის თანახმად სტუდენტებისთვის ესწავლებინა.
„კრწანისის სასწავლო ცენტრში წავედი, შევხვდი ვიცე-პოლკოვნიკ აგლაძეს, მასალაც მივიტანე, ცხრილშიც ჩავსვით საგანი, მაგრამ ვერ იპოვეს იურიდიული ფორმა – როგორი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ ჩემთან. სამი წელი გავიდა ისე, რომ ეს საკითხი ვერ გადაწყვიტეს. საგნის ცხრილში ჩასმიდან 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი, რომ სწავლებას შემდეგი სემესტრიდან დავიწყებდი, 6 თვის შემდეგ რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ თავდაცვას იმ მომენტში არ ყავდა იმ სპეციალობის სტუდენტები, ვისთვისაც მე შეიძლება მესწავლებინა, სამხედრო მფრინავებს აღარ ზრდიდნენ და სამხედრო ავიაცია აღარ ჰყავდათ. ბოლოს მივხვდი, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა და შევეშვი”, – ჰყვება ეკა.
ეკატერინე ქვლივიძე საჰაერო ძალებში მფრინავად 11 წლისა და 4 თვის განმავლობაში მსახურობდა, 2008 წლის სამსახური კი ჩათვლილი აქვს ნამსახურობის 3 წლად. სამხედრო სამსახურში ყოფნისას, სამინისტრო თვლიდა, რომ ეკატერინე კეთლსინდისიერად ასრულებდა მოვალეობებს, რისთვისაც მის მიმართ გამოყენებულ იქნა არაერთი წახალისების ფორმა, მათ შორის, 2017 წელს მიღებული აქვს II ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის. გავლილი აქვს კაპიტნის საკარიერო კურსები ამერიკის შეერთებულ შტატებში – მისი იქ სწავლა ამერიკულმა მხარემ დააფინანსა.
წყარო: radiotavisufleba.ge