ბატონო გუბაზ, თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატისა – ეს ასეა და შეგიძლიათ შეირგოთ, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
“თქვენ შთამომავლებს რა უნდა აუხსნათ, რა უნდა ასწავლოთ?! სირცხვილია, როცა საზოგადოება გიყურებთ – დიახ, ღალატის სანიმუშო მაგალითი ბრძანდებით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ღალატი არ ვიცით“, – განაცხადა ღუდუშაურმა სანიკიძის მისამართით.
პარლამენტში კამათისა და მხარეებს შორის პოლიტიკური ბრალდებების ფონზე, ფრაქცია “ქართული ოცნების” ავტორობით წარდგენილი “ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავენ.
“ქართული ოცნების“ კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.