როცა ოპოზიციის წარმომადგენლები ხალხზე ასე ხმამაღლა საუბრობთ, იქნებ იმ მიღწევებსა და პროცენტებს გადახედოთ, რომელიც თქვენ ხალხმა დაგიწერათ! – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.
„როცა ხალხზე საუბრობთ, ექვსი თვე კარვებიდან, საყვირებით, ქუჩის პროტესტით გველაპარაკებოდით. რამდენიმე დღეა, რაც ფანჩატური დატოვეთ და დიახ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა პარლამენტში შემობრძანდით.”
ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე ენმ-იც გააკრიტიკა.
“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ორი ძალიან ცუდი არჩევანი – ან აწ უკვე ყოფილი პარტიის „ევროპული საქართველოს“ გზას დაადგეს ან პარლამენტში შემობრძანდეს და ამით მარცხი აღიაროს. აქაც უჭირთ. მოიხადონ ბოდიში და საზოგადოებას უთხრან, რომ კატასტროფულ შეცდომებს მეორედ აღარ გაიმეორებენ. განაცხადეს, მანდატების თაობაზე ხალხს უნდა ვკითხოთო და ჰოი საოცრებავ, მეორე დღეს თავქუდმოგლეჯილი უკრაინაში გავარდნენ, უცხო ქვეყნის მომთაბარე, მოხეტიალე გაკოტრებულ პოლიტიკოსთან რჩევების საკითხავად. ვერ პოულობენ პარლამენტში შემოპარვის გზას. პარლამენტს ერთი ცენტრალური კარი აქვს, რომელშიც დაპუტატი ღირსეულად უნდა შეხვიდე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.