უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2”-თან განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, “სინოფარმის” ვაქცინა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებში უსაფრთხოა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, (“სინოფარმისთვის” ავტორიზაციის მინიჭება) მალე ვაქცინა კოვაქსზე განთავსდება, შესაბამისად, ქვეყნებს ის კოვაქსის საშუალებითაც მიეწოდებათ, შედარებით დაბალ ფასში.
“დღეს ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებით ადმინისტრირების თვალსაზრისით, ანუ ყველაზე მეტი, უკვე 300 მილიონამდე დოზაა ადმინისტრირებული. საერთაშორისო ასპარეზზეც 2 ვაქცინით გადის ის – “სინოფარმით” და “სინოვაკით”. ანუ, გლობალურად ხელმისაწვდომობა დღეს, როდესაც დიდი დეფიციტია ვაქცინების მსოფლიოში, იქნება უფრო გაფართოებული. საქართველოსთვის ცვლის იმას, რომ (ჯანმო-ს დღევანდელი გადაწყვეტილებით), ჩვენს მოსახლეობას მეტი ნდობა ექნება ვაქცინებისადმი, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ხარისხიანი, ეფექტური, მისი დამცველობითი უნარი მერყეობს 79-86%-ს შორის.
“სინოფარმის” მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.