დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს , რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა.
„დღეს გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედება, ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწარაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია. მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომლებსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქცია ხდება მილიონში ერთი, გასაშუალებული მონაცემები არის ერთი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად, შეიძლება მძიმედ და შესაძლოა, დასრულდეს ფატალურადაც.
„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. დღევანდელ პერიოდში, როდესაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენა. როდესაც იცრებიან ადამიანები ჩვენთან, აქვთ ბარათი, რომლის უკანა მხრიდან წერია, რა არის ხშირი გვერდითი მოვლენა და შედარებით ნაკლებად ხშირი. ასევე აცრის პროცესამდე არსებობს სოციალური გამოკითხვის ბარათი. ამცრელი ბრიგადა დაკომპლექტებულია სამი ადამიანისგან. ეს ვაქცინები გახლავთ უფრო რეაქტოგენული ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომლებიც ვლინდება ტემპერატურით, თავის ტკივილით, სახსრების ტკივილით, კუნთების ტკივილით და ა.შ. ამ ტიპის გამოვლინებები არის დაახლოებით 10-დან 50-მდე და ზოგ შემთხვევაში მეტ პროცენტში. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია, ამიტომ ეს ყველაფერი აღინუსხება ქვეყანაში შესაბამისი სისტემით, რომელსაც ჰქვია იმუნიზაციის შემდგომი რეაქციების კომიტეტი. დღემდე ქვეყანაში 3365 აცრა ჩატარდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. კლინიკასთან ამ დროისთვის სამართალდამცველების იმყოფებიან.