„10 კითხვა, რომელსაც გახარიამ და მისმა გუნდმა პასუხი უნდა გასცეს, რათა გაიაროს განსაწმენდელი ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციონერებად დასაბრუნებლად. მთელი ის დაკარგული დრო, დაკარგული რესურსები, ეკონომიკა, სიცოცხლეები, თუნდაც, აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლებში – ამას სჭირდება პასუხისმგებლობის გაზიარება. არ მგონია სწორი იყოს პარლამენტში ერთი ფლიგელიდან მეორეში გადაჯდე, ოპოზიცია დაირქვა და ამით დაემშვიდობო ყველა იმ შეცდომას და დანაშაულს, რომელიც შენ რვაწლიან კარიერას უკავშირდება,“ – ასე ეხმაურება „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში ხელახალ დაბრუნებას.
„მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები გახარიას პარტიის შექმნასთან და მის პოლიტიკაში მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. მარტივად მინდა შევაფასო ეს პროცესი, როგორც არა რაიმე ახალი ძალის შემოსვლა, რისი მოლოდინიც შეიძლება აქვს საზოგადოებას, არამედ ეს არის უკვე კარგად ნაცნობის და გამოცდილის შემობრუნება. ბატონ გახარიას და მის მომავალ, ახალ პარტიას აქვს გასავლელი პოლიტიკური განსაწმენდელი. ეს არის რელიგიაში ცნება, როცა ადამიანს პასუხი მოეთხოვება ჩადენილი ცოდვებისთვის. პოლიტიკაში როგორც ოპოზიციონერის დაბრუნება ასე მარტივი არ არის, პარლამენტში ექვსი და შვიდი ადამიანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასმით, ოპოზიციონერი ვერ გახდები. პოლიტიკური განსაწმენდელი გახარიასი შედგება სულ მცირე 10 საკითხისაგან, რომელზეც მისი პარტიის წევრებს, რომელთა უმრავლესობა შსს-ს და სუს-ის კადრია (ესეც ნიშანდობლივია), მოუწევთ პასუხის გაცემა.
1. დასავლური თუ რუსული ვექტორი. რასაც ჩვენ ვხედავთ გახარიას ბიოგრაფიაში, რომელიც სხვათა შორის რვა წელი იყო საქართველოს მთავრობაში, არის ის, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული კავშირები რუსეთთან. 2016 წლის ჩათვლით იგი იყო რუსეთის მოქალაქე, ანუ როცა უკვე იყო საქართველოში საჯარო მოხელე. რა ვუთხარი „ ქართულ ოცნებას“, რომ უმაღლეს თანამდებობაზე, მათ შორის, ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე ჰყავდა რუსეთის მოქალაქე. 20-წლიანი რუსული კარიერის მანძილზე მას გაბმული აქვს შესაბამისი კავშირები და როგორც რუსეთის მოქალაქე მუშაობდა ამ ქვეყნის სხვადასხვა დაწესებულებაში. ახლა ჩვენ გვჭირდება ახსნა – როგორი ვექტორი ექნება მის გუნდს, რომლის არც ერთ წევრს არ აქვს დასავლური განათლება.
2. გავრილოვის ღამე – გახარია იყო შს მინისტრი და ამ ღამეს ცალსახად ადგილი ჰქონდა ძალაუფლების გადამეტებას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. აქ ებმის ძალის გამოყენების სხვა შემთხვევებიც, რომელსაც აქ არ დავასახელებ. აქვე გავიხსენებ პანკისში ჰესებთან დაკავშირებით სპეცდანიშნულების რაზმით შევარდნას.
3. მესამე საკითხი ეხება სასამართლოს. ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ ეთერში ვიწვევ ბატონ გახარიას სასამართლოსთან დაკავშირებით სასაუბროდ. ვერანაირი ეკონომიკური რეფორმა და კეთილდღეობა ვერ მოხდება სასამართლო რეფორმის გარეშე. ადამიანი რვა წელი იყო ხელისუფლებაში, მათ შორის ორი წელი პრემიერი, მანამდე შსს და ეკონომიკის მინისტრი. არაფერი გაუკეთებია სასამართლოსთან დაკავშირებით. არც ერთხელ ამოუღია ხმა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე, ან იმაზე, თუ როგორც ჩაიჯიბა ხელისუფლებამ მართლმსაჯულება. არაფერი გაუკეთებია რეფორმასთან მიმართებაში.
4. ხელმოწერა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებაზე. ჟურნალისტებო ჰკითხეთ გახარიას გუნდის წევრებს, რა ნამუსით და სინდისით მოაწერეს ხელი ჩვენი მიწების გაყიდვაზე? გაყიდვაც და ის 99-წლიანი ხელშეკრულებაც თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობაა და მას სერიოზულად მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
5. სამართლიანობის აღდგენა – ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ ნაწილს შეიძლება ესიმპათიურებოდეს ბატონი გახარია. შეხედეთ მის საქმეებს და არა მის ტკბილ ან მწარე საუბარს. მაშინ, როცა ჩვენ ვიბრძოდით თბილისის ქუჩებში, როცა გამოვდიოდი სახლიდან და მაშინდელი სოდ-ის და კუდ-ის რამდენიმე მანქანა დაგვყვებოდა, მაშინ როცა თქვენ, პოლიტპატიმრებს გიჭერდნენ და გდევნიდნენ, გიორგი გახარია ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს მოსკოვში, კაბინეტში. მას სამართლიანობის აღდგენისთვის არასოდეს არაფერი გაუკეთებია. ამიტომ გთხოვთ, ნუ დაუკვირდებით ადამიანის საუბარს, შეამოწმეთ მისი გაკეთებული საქმეები.
6. აზარტული თამაშები – სწორედ გახარიას პრემიერობის დროს ჩვენმა კამპანიამ აზარტული თამაშების წინააღმდეგ, შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა პეტიციაზე და ხალხის სახელით მივმართეთ მას, რომ შეეზღუდა აზარტული თამაშების საქმიანობა. სამწუხაროდ, არაფერი გააკეთა როგორც პრემიერმა ამ ბიზნესის დასარეგულირებლად. მეტიც, სწორედ მისი პრემიერობის დროს ხდებოდა სრულიად თავისუფალი და ლიბერალური აზარტული თამაშების საქმიანობა. ამიტომ არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ აზარტულ თამაშებს გახარია თავად მფარველობდა.
7. გაფართოებული ოკუპაცია – გახარიას პრემიერობისა და მინისტრობის დროს გაგრძელდა, გაძლიერდა და გაფართოვდა მცოცავი ოკუპაცია. ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ოკუპაციის შემცირებასთან დაკავშირებით.
8. არავითარი წინსვლა არ გვქონია საერთაშორისო ფლანგზე – არც ევროკავშირის და არც ნატოს მიმართულებით. ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა დასავლეთისკენ და ესეც აჩვენებს გახარიას პრორუსულ ორიენტაციას.
9. განადგურებული და ჩამოშლილი ეკონომიკა – ქართული ეკონომიკა ნადგურდებოდა მთელი იმ შვიდი წლის განმავლობაში, როდესაც გახარიას საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა ხელისუფლებაში. ამას კავშირი არ აქვს კოვიდთან, რომელიც ბოლო ერთი წელია არსებობს. ერთადერთი ხისტი გზა, რითაც პანდემიის პირველი ტალღა მოვიგერიეთ, იყო ეკონომიკის ჩამონგრევა, ჩაკეტვა და შემდეგ რაც მოხდა ზაფხულში, ასევე გახარიას პრემიერობის დროს, ძაან კარგად ვიცით – აბსოლუტური არაეფექტური მმართველობა, ფიასკო, გაქცეული ლარი, გაძვირებული იპოთეკები, აუშენებელი ქარხნები, ჩამოშლილი ინსტიტუტები. ეს ყველაფერი არის ამ ხელისუფლების და გახარიას რვაწლიანი თანამონაწილეობის მემკვიდრეობა.
10. ბოლო, ეს არის „ქართული ოცნების“ მემკვიდრეობის გაზიარება. არ დაგავიწყდეთ მიწერ-მოწერა ანაკლიის თაობაზე, რომელსაც არასდროს უპასუხა გამოძიებამ; არ დაგავიწყდეთ ჩამოშლილი სუს-ი და იქიდან გამოჟონილი ინფორმაცია; არ დაგავიწყდეთ ჩამოშლილი ინსტიტუტები, ჩაიხედეთ აუდიტის დასკვნებში, ჩაწყობილი ტენდერები, გაბატონებული კორუფცია, ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში. ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ იზიარებს ადამიანი, რომელიც იყო რვა წელი ამ ხელისუფლების თანაამშენებელი, უფრო ვიტყოდი თანადამანგრეველი, რომელიც იყო ამ ყველა მარცხის დროს მინისტრი -შს მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, მანამდე ბიზნეს ომბუდსმენი და შემდეგ პრემიერი.
ესაა მხოლოდ 10 საკითხი, რომელსაც გახარიამ და მისმა გუნდმა პასუხი უნდა გასცეს, რათა გაიაროს განსაწმენდელი ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციონერად დასაბრუნებლად. მთელი ის დაკარგული დრო, დაკარგული რესურსები, ეკონომიკა, სიცოცხლეები თუმდაც აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლებში – ამას სჭირდება პასუხისმგებლობის გაზიარება. არ მგონია სწორი იყოს პარლამენტში ერთი ფლიგელიდან მეორეში გადაჯდე, ოპოზიცია დაირქვა და ამით დაემშვიდობო ყველა იმ შეცდომას და დანაშაულს, რომელიც შენ რვაწლიან კარიერას უკავშირდება,“ – აცხადებს ანა დოლიძე ლაივ მიმართვაში.