22.11.2024

ანა დოლიძე – ივანიშვილის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებს უნდა შეეზღუდოთ პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის უფლება

თუ ჩვენ გვინდა გავჭრათ ის ბერკეტები, რომლის მეშვეობითაც სხვა მეთოდებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს არაფორმალურ გავლენას ჩვენს სახელმწიფოზე, უნდა შევუზღუდოთ პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნა მის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებს. ამ იდეის ტექნიკური ხორცშესხმა ძალიან მარტივია. დეტალების დაზუსტება შეიძლება მოგვიანებით, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ წინადადების მსგავსი მიდგომების მაგალითები გვაქვს აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გატარდა რეფორმები დეკომუნიზაციასთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს რეფორმების მაგალითები ერაყშიც.

დღეს ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხი არის ოლიგარქიული მმართველობის გავლენის შემცირება, ანუ დეოლიგარქიზაცია. ჩვენს საზოგადოებას მოეთხოვება გაატაროს ზომები და წარმოადგინოს იდეები, თუ როგორ განვახორციელოთ დეოლიგარქიზაცია. ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და გავლენებს განსაკუთრებული მატერიალური შესაძლებლობის პირის მხრიდან. ამ შემთხვევაში ეს პირი არის ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ის ძირითადი ბერკეტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს, მის ბიზნესებში მანამდე მყოფი ადამიანები არიან. დოლიძის განმარტებით, ამ ბიზნესებში იგულისხმება არა მხოლოდ ბანკი „ქართუ“, არამედ ბევრი სხვა ბიზნესი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობდა.

„ჩვენ ვთავაზობთ სამუშაო ჯგუფს რომელიც მუშაობს დეოლიგარქიზაციაზე, წარმოადგინოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანებს შეეზღუდებათ საქართველოში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება. პირები, რომლებმაც განავითარეს პროფესიული და პირადი სანდო ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, მათ შორის ბანკ „ქართუში“ მუშაობის გზით, მათ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიკავონ პოლიტიკური თანამდებობები ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, ამ შეთავაზებით, თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ირაკლი ქარსელაძე, ზურაბ აზარაშვილი, ლაშა ხუციშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დაჩი ბერაია და სხვა პირები.

„არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესების თანამშრომლების მეშვეობით იმართება ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ძალიან დიდი ნაწილი”, – განაცხადა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img