გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ მუშაობაში არის გარკვეული სტაგნაცია და აუცილებელია მისთვის მეტი სიცოცხლის მიცემა.
ამის შესახებ ანგელა მერკელმა მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. „ნორმანდიული ფორმატი“ – ეს ერთადერთი პოლიტიკური ფორმატია, რომელსაც საკამათო საკითხების განსახილველად ვიყენებთ. ამ დროისთვის გარკვეული სტაგნაციაა. სამწუხაროდ, უკრაინელი სამხედროები იღუპებიან და ამ ფორმატის განახლებისა და მეტი სიცოცხლის მიცემის მომხრე ვარ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
ანგელა მერკელი – პუტინთან შეხვედრისას მკაცრად დავგმე ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე გაჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოყენება ჰიბრიდულ იარაღად
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისას მან დაგმო ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე ლტოლვილებთან დაკავშირებით ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები.
„ბელარუსის კონტექსტში, მკაცრად დავგმე გაჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოყენება ჰიბრიდული იარაღის სახით. საუბარი ეხება ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე არსებულ ვითარებას“, – აღნიშნა მერკელმა.
ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნის მიმართ სასამართლო განაჩენი მიუღებელია და ის უნდა გათავისუფლდეს
გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მიაჩნია, რომ ალექსეი ნავალნის მიმართ სასამართლო განაჩენი მიუღებელია და ის უნდა გათავისუფლდეს. აღნიშნულის შესახებ მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერკელის თქმით, ალექსი ნავალნის გარშემო ძალიან დამთრგუნველი სიტუაციაა.
„ეს ჩვენთვის მიუღებელია და მოვითხოვე ნავალნის გათავისუფლება. აღვნიშნე, რომ ჩვენ ამ საქმის მონიტორინგს გავაგრძელებთ, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
საპასუხოდ, პუტინმა აღნიშნა, რომ ნავალნი გასამართლებულია კრიმინალური დანაშაულის გამო და არა მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის.
„რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ მსჯავრდებულს, იგი გასამართლებულია არა პოლიტიკური საქმიანობისთვის, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.