ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია. წელს საგამოცდო პროცესი 1-ელ ივლისს დაიწყება.
კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი გამოცდილების შედეგად, შემუშავდა ახალი მიდგომები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული გამოსაცდელის, ასევე გამოცდების ორგანიზებაში ჩართული პირების უსაფრთხოება, რის კონტექსტშიც გამოცდაზე მისულ თითოეულ აპლიკანტს დახვდება უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც ისინი ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენას შეძლებენ.
ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, გამოცდები 2021-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – “პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ 19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:
მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
სოფო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.