„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადებას ავრცელებს.
„ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის წინ, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ოზურგეთის მერიის და მისი სამსახურების თითოეულ თანამშრომელს, საჯარო მოხელეებს: მადლობა, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეთ და მხარი დაუჭირეთ ოზურგეთის განახლებას!
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სწორედ თქვენნაირ ადამიანებთან ვაპირებ მუშაობას – საჯარო მოხელეებთან, ვინც არ დაემორჩილეთ მანიპულაციას, მუქარას, რომ თითქოს სამსახურებს დაგატოვებინებდნენ, თუ მოქმედი მერი კონსტანტინე შარაშენიძე არჩევნებს წააგებდა. ის პირველ ტურში დიდი სხვაობით დამარცხდა და მეორეში, კიდევ უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება.
ახლაც იქნება მცდელობები, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ, მათ შორის იმ ადამიანებისგან, ვინც დიდი ხანია ხელს უშლიან ოზურგეთში პროფესიონალი კადრების დაწინაურებას და სამსახურებრივ გავლენას, ასევე, ნათესაურ კავშირებს ბოროტად იყენებენ. მჯერა, ამ შეურაცხყოფას ერთად ვუპასუხებთ 30 ოქტომბერს!
თითოეული პროფესიონალი, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში და ერთგულად ემსახურება საზოგადოებას და ქვეყანას – სჭირდება ოზურგეთს. ველი თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას“! – აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.