2 კვირაზე მეტია , რაც აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ის ვაქცინით მიმდინარეობს.
“სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ აზერბაიჯანისთვის საუკეთესოა კომპანია Sinovac-ის ვაქცინა, რომელმაც კლინიკური კვლევები რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით გაიარა და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა”, – აცხადებს აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ოგტაი შირალიევი. აზერბაიჯანმა აღნიშნული ვაქცინის 4 მილიონი დოზა იყიდა.
“COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ეფექტი უახლოეს დროში თვალსაჩინო გახდება”, – ამის შესახებ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაურ ალიევმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანი გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიას დაამარცხებს.
ოფიციალური ცნობით, პირველ რიგში, ვაქცინაციას გაივლიან სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები.
მეორე ეტაპი კი, რომელიც აზერბაიჯანში პირველ თებერვალს უნდა დაიწყოს, აიცრებიან მოქალაქეები ქრონიკული დაავადებებით, ასევე, განათლებისა და სოციალურ სისტემებში დასაქმებული მოქალაქეები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმომადგენლები, ტელეკომუნიკაციების სფეროში დასაქმებულები და საბანკო სექტორის ნაწილი.
ვაქცინას ჯერ არ მიუღია ევროპული და ამერიკული მარეგულირებლების ნებართვა. ასევე, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ეფექტიანობა არ სცდება 50.4%-ს, საყოველთაო ვაქცინაცია ამავე ვაქცინით თურქეთმაც დაიწყო.
პარალელურად სომხეთში მიიღეს გადაწყვეტილება ბრიტანული ასტრაზენეკას ვაქცინის შეძენაზე. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთი აღნიშნულ ვაქცინას მოსახლეობის 3%-ის ასაცრელად 2021 წლის მარტში შეღავათიან ფასში შეიძენს. პირველ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი, ხანდაზმულთა სოციალური მოვლის ცენტრების თანამშრომლები და 65 წელს ზემოთ ასაკისა და 16-დან 64 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები აიცრებიან.
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკა აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც გაუმკლავდება.
ასტრაზენეკამ ვაქცინა ოქსფორდთან ერთად შეიმუშავა. მას შენახვისთვის განსაკუთრებული სამაცივრე პირობები არ სჭირდება. მისი ეფექტურობა 70%-მდე იყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ ცდები ტარდებოდა. თუმცა, მეცნერების თქმით, შესაძლოა, ეფექტურობა 90%-საც აღწევდეს.
ასტრაზენეკას გარდა, კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავა სხვა ორმა კომპანიამ – ფაიზერმა და მოდერნამ. მათ შენახვისთვის -80-გრადყსიანი მაცივრები სჭირდებათ. მათი ეფექტურობა 90-დან 95%-მდეა.
თურქეთი კი მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით ცრის. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ ჩინური კომპანია „სინოვაკის“ მიერ შექმნილი ვაქცინა პირდაპირ ეთერში თავადაც გაიკეთა. ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. მანამდე თურქეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა ჩინეთში წარმოებულ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭეს.
პირველ ეტაპზე აცრა 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს გაუკეთეს. ბოლო კლინიკური კვლევების შედეგად, ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 50,4 პროცენტს შეადგენს.
თურქეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 23 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი 2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ღამის კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას კი ძალაშია მკაცრი კარანტინი. ჩინური ვაქცინის გარდა, თურქეთი ასევე აპირებს რუსეთში წარმოებული ვაქცინის შეძენასაც.
რას აპირებს საქართველო ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საქართველოს პირველ არხზე დაყრდნობით მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჩაერთო საკითხის მოგვარებაში რომელმაც თვქა რომ – მზად არიან საქართველოს ვაქცინის შემოტანაში დაეხმარონ.