თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს, არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია, 10 ახალი წევრი დაინიშნება, – ამის შესახებ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, თუ ოპოზიციური პარტიები ყველა შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ, თვითმართველობის არჩევნები სრულიად ახალი ტიპის იქნება.
„ჩვენ საოლქო, საუბნო კომისიებში ყველგან დამატებით 8 ოპოზიციონერი გვეყოლება. ცესკო-ში 10 ახალი წევრი იქნება, ასე, რომ ეს არის რადიკალური ცვლილება, თუმცა, ჩვენი სურვილი იქნებოდა, თუმცა, ეს შარლ მიშელის დოკუმენტში არ არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკო-ში, მათ შორის თავმჯდომარეს, იგივე პროცესი გაევლო, როგორიც არის გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისთვის, თუმცა მიიჩნევა, რომ ასეთი მოთხოვნა შესაძლოა, წინააღმდეგობაში იყოს კონსტიტუციასთან, ამიტომ, ახლა კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ახალი წევრების არჩევაზე, ოპოზიციის მხრიდან წევრების დანიშვნაზე, ეს უკვე იძლევა უმრავლესობას ცესკო-ში, ვგულისხმობ ახალ წევრებს. საოლქო დონეზე ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა იზრუნოს, რომ დროულად შეარჩიოს შესაბამისი კანდიდატურები საოლქო კომისიებში იმისთვის, რომ ჩვენ იქ გვყავდეს 8 წარმომადგენელი, ასევე საუბნოზეც. თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა შესაძლებლობა სრულად გამოვიყენეთ, ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.